სოფელ ცდოს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ყაზბეგის რაიონში. სოფელ ცდოს მოსახლეობამ იმ სამშენებლო ტექნიკის პიკეტირება მოახდინა,რომლითაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი უნდა აშენდეს.
სამუშაოების განმახორციელებელმა კომპანიამ დარიალი-სტეფანწმინდის 220კვტ-იანი გადამცემი ხაზის აშენებისთვის საჭირო ტექნიკა  ცდოში გუშინ შეიყვანა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
პიკეტირების შემდეგ კომპანიამ საპატრულო პოლიციაც გამოიძახა.  ცდოს მკვიდრები სამოსახლო ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას, ასევე გამგეობის მხრიდან გაცემული ნებართვის გაუქმებას და ალტერნატიული პროექტის შემუშავებას ითხივენ. მათი თქმით, ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება მათთვის საზიანოა.
ადგილზე იმყოფებოდნენ  სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილიც.
"კომპანია "დარიალენერჯი" მშენებლობის საჭირო ყველანაირი ნებართვა და დოკუმენტაცია აქვს. ამიტომ სამუშაოები აღნიშნული პროექტით აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ილია ელოშვილმა.
ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის ნაწილი კი საპროტესტო აქციების გაგრძელებას იქამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება და 220კვტ-იან ხაზს საცხოვრებელი ტერიტორიიდან მოშორებით არ გადაიტანენ.

Comments