ყაზბეგში დაკავებული ზაზა წიკლაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში, პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით დაკავებული ზაზა წიკლაური, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ სასამართლო დარბაზიდან ხელწერილით გაათავისუფლა.
ხელწერილის მიხედვით, ზაზა წიკლაური 22 აპრილს, 13:00 საათზე სასამართლოში მისი საქმის განხილვაზე უნდა გამოცხადდეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება მცხეთიდან, დაცვის მხარემ მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების შესაგროვებლად 3 დღიანი ვადა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ზაზა წიკლაური პოლიციამ გუშინ, სოფელ ცდოში მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე დააკავა. ადგილობრივები სოფელში 220 მეგავატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებდნენ. თვითმხილველების თქმით, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს და ზაზა წიკლაური დააკავეს.
წიკლაური პასუხისგებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიეცა, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. აღნიშნული მუხლი 250-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

Comments