მასობრივი ლეიკემია ან გასახლება - რა ემუქრება ყაზბეგს და რას აპირებს ხელისუფლება?

მასობრივი ლეიკემია ან გასახლება - რა ემუქრება ყაზბეგს და რას აპირებს ხელისუფლება?

„რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ დიდი ზარ-ზეიმით გვამცნო მთის კანონში ცვლილებების შეტანა. გვითხრეს, ამიერიდან მთას დაცლა აღარ ემუქრებაო. კანონში შეტანილი ცვლილებები, მართალია, ყაზბეგის რაიონსაც შეეხება, მაგრამ, ამის მიუხედავად, აქაურებს საცხოვრებლის დატოვება მაინც მოუწევთ. ამის მიზეზი კი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი იქნება. 500-კილოვოლტიანი გადამცემის ხაზის გვერდით ცხოვრება ჯანმრთელობისთვის სახიფათო გახლავთ.

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ სცადა ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ უშედეგოდ. 2011 წელს დაწყებული ჰესების მშენებლობა კვლავ წარმატებით მიდის და კიდევ რამდენიმე ჰესის აშენება იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ ამ „ვნებას“ უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე წლის წინ დარიალის ხეობაში ორჯერ ჩამოწოლილი მეწყერი მსხვერპლით დასრულდა“ - ამ საკითხზე გაზეთი „ახალი თაობა“ წერს.

გამოცემის თანახმად, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მეწყერი კვლავ გამეორდეს. ჰესების მაშენებლებს კი ეს დიდად არ აღელვებთ. ენერგეტიკის სამინისტრო იქით უყენებს ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პრეტენზიებს და აცხადებს, რომ ჰესების წინააღმდეგ წასვლა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

საინტერესოა, რამდენად შედის სახელმწიფო ინტერესებში სასაზღვრო რაიონის დაცლა, რომელზეც ისედაც სერიოზული პრეტენზიები აქვს რუსულ მხარეს.

ჰესების აშენება თუ ბუნებას აზიანებს და მალე ყაზბეგში შესაძლოა მდინარეებმა აღარ იარსებონ, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

როგორც 6 მარტს, გამართულ შეხვედრაზე ითქვა, წესის თანახმად, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სიახლოვეს 90 მეტრზე ახლოს ცხოვრება დაუშვებელია. 45 მეტრი ერთ მხარეს უნდა იყოს დაცილება და 45 მეტრი - მეორე მხარეს.

გარდა იმისა, რომ ეს მშენებლობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, როგორც ჩანს, ის მთლად კანონიერიც არ არის.

„ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგის რაიონში იგეგმება 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის (220 კვ-იან გაბარიტებში) რეკონსტრუქცია და ახალი მაღალი ძაბვის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა. მოგეხსენებათ, ყაზბეგის რაიონის სოფლები გაშენებულია ვიწრო ხეობებში, ხოლო გადამცემი ხაზების გატარება სოფლების სამოსახლო ტერიტორიებზეა განზრახული და, შესაბამისად, ეს პროექტები სპობს სოფლების განვითარების პერსპექტივას. იმის ფონზე, რომ მოსახლეობის შენარჩუნება მთაში, მით უმეტეს სასაზღვრო რეგიონში, სახელმწიფოს პრიორიტეტია, გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი პროექტები, რომელთა საჭიროების შესახებ არგუმენტები ძალიან ბუნდოვანია, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ წევრი შოთა ბუჩუკური.

შექმნილი ვითარება რომ საკმაოდ სერიოზულია, ამაზე უელსსა და ინგლისში ჩატარებული კვლევებიც მეტყველებს. როგორც ყოფილი დეპუტატი საველი მარსაგიშვილი აცხადებს, კვლევა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 1995 წელს დასრულდა.

„ამ დროის განმავლობაში გამოკვლეულ იქნა 29.000 ბავშვი, რომელთა ასაკიც 0-დან 15 წლამდე იყო. იმ ბავშვების 70%-ს ლეიკემია აღმოაჩნდა, რომლებიც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზიდან 200 მეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. იგივე დაავადება აღმოაჩნდათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ამ გადამცემი ხაზებიდან 200-600 მეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. ჩვენს შემთხვევაში გაცილებით რთულად იქნება საქმე, რადგანაც სნოს ვიწრო ხეობა და სოფელი ცდო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ხაზებმა საცხოვრებელი სახლებიდან შორს გაიაროს“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი განხორციელდა, სნოს ხეობა შესაძლოა სულ დაიცალოს. არადა, ეს ყაზბეგის რაიონში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია.

ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ თავმჯდომარე ზაზა წიკლაურის ინფორმაციით კი 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის პროექტის განხორციელება იგეგმება ისე, რომ დღემდე არ არსებობს მისი განხორციელების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის დამადასტურებელი სერიოზული არგუმენტები.

„რაც შეეხება 110 კვ-იანი (220 კვ-იან გაბარიტებში) ხაზის რეკონსტრუქციას, საჭიროდ მიგვაჩნია, ჩატარდეს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი საპროექტო სამუშაოები, სადაც გათვალისწინებული იქნება დასახლებული პუნქტებიდან გადამცემი ხაზის მაქსიმალური არიდება და სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმალიზაცია. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტების მიზანშეწონილობისა და საჭიროების დასაბუთების გარეშე განხორციელება, მაშინ როცა ეს მთის მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს ხელყოფს და გარდაუვალ მიგრაციას იწვევს მნიშვნელოვან სასაზღვრო რეგიონიდან“, - აცხადებს ზაზა წიკლაური. მისი თქმით, ამ პროექტის ავტორებმა ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს.

„საინტერესოა, რას იზამს ხელისუფლება. სასაზღვრო რეგიონის დაცლა, წესით, მის ინტერესში არ უნდა შედიოდეს“ - დასძენს გამოცემა. 
 
ჩვენი გევრდი : ყაზბეგი / kazbegi

Comments

  1. „საინტერესოა, რას იზამს ხელისუფლება. სასაზღვრო რეგიონის დაცლა, წესით, მის ინტერესში არ უნდა შედიოდეს“ - დასძენს გამოცემა.

    >>> როგორც აღმოჩნდა - არ უნდა შედიოდეს მაგრამ შედის... ბევრი კურდღლის მადევარი ხელისუფლება ყავს ამ ქვეყანას ყოველთვის...

    ReplyDelete

Post a Comment